Ocean Gold Batumi წარმოადგენს საკრუინგო კომპანიას, რომელიც 2023 წელს შემოვიდა საქართველოში. დეტალურად კომპანიის შესახებ კომპანიის დირექტორი ქალბატონი ნინო გორგოშაძე გვესაუბრა.
თქვენი კომპანიის დასახელება – Ocean Gold Batumi
რომელი წლიდან ფუნქციონირებს თქვენი საკრუინგო კომპანია – Ocean Gold Batumi 2023 წლის 27 მარტიდან ჩამოყალიბდა, როგორც საკრუინგო კომპანია.
აღიარებული ხართ თუ არა სსიპ „საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ მიერ? – ამჟამად აღიარების პროცესში ვიმყოფებით, ორგანიზაციული საკითხებიდან გამომდინარე კომპანიას სჭირდება ISO-ს აღიარება და რა თქმა უნდა, ყველა საკითხის მოგვარების შემდეგ, სექტემბრამდე აღიარებული ვიქნებით საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ.
ხართ თუ არა სერტიფიცირებული MLC 2006 შესაბამისად? – დიახ, კომპანია სერტიფიცირებულია MLC 2006 შესაბამისად.
თქვენი სააგენტო უშუალოდ გემთფლობელი / გემთმენეჯმენტი კომპანიის წარმომადგენლობაა თუ არა? – Ocean Gold Batumi წარმოადგენს ბერძნული გემთმფლობელი კომპანიის Ocean Gold Tanker-ის წარმომადგენლობას საქართველოში.
რამდენ მეზღვაურს ასაქმებთ ყოველწლიურად? – კომპანიაში დასაქმებულია 250 ქართველი მეზღვაური.
რომელი თანამდებობებია ყველაზე მეტად მოთხოვნადი და რატომ? – კომპანიაში დასაქმებული ქართველი მეზღვაურები ძირითადად გახლავთ ოფიცრები. ამ ეტაპზე ეს პოზიციები უფრო მოთხოვნადი გახლავთ კომპანიაში, რადგან რიგითებთან დაკავშირებით კომპანია ძირითადად ფილიპინელებთან თანამშრომლობს.
რა ტიპის გემებზე არის მოთხოვნა? – კომპანია წარმოადგენს ტანკერის ტიპის გემებს, როგორც Product Tanker, ასევე Oil Chemical Tanker. კომპანიის მფლობელობაშია ასევე ერთი თხევადი აირმზიდი გემი, თუმცა ჯერ-ჯერობით ქართველები არ არიან ამ გემზე დასაქმებულნი.
რამდენად პრობლემატურია ქართველი მეზღვაურების დასაქმებისათვის ინგლისური ენის ცოდნა? – კომპანიაში დასაქმებულთა ინგლისური ენის დონე საკმაოდ მაღალია, რადგან ოფიცრები არიან, განსაკუთრებით კი მართვის დონის, ხოლო რაც შეეხება ახალ კანდიდატებს ვხვდებით, როგორც კარგი ინგლისური ენის მქონე ახალგზარდებს, ასევე დაბალი ინგლისური ენის მქონე ახალგზარდებსაც, რომელთაც სჭირდებათ ენის მიმართულებით მუშაობა და დონის ამაღლება.
დასაქმების წინ მეზღვაურებს უტარდებათ თუ არა გასაუბრება და ვის მიერ? და რა კრიტერიუმებით ხდება მეზღვაურის შერჩევა – რა თქმა უნდა უტარდებათ გასაუბრება, მართვის დონის მეზღვაურების გასაუბრება უშუალოდ კომპანიაში ხდება, ხოლო ძირითადი კრიტერიუმები გახლავთ ცოდნის კომპეტენციის შემოწმება, ასევე მნიშვნელოვანია მათი ფსიქოლოგიური მდგრადობა და ინგლისური ენის დონე, ასევე საყურადღებოა მათი დამოკიდებულება პროფესიისადმი.
თქვენი აზრით რა მიმართულებით ესაჭიროებათ მეზღვაურებს დამატებითი წვრთნები / გადამზადებები?
- ინგლისური ენა
- ფსიქოლოგიური მომზადება
- პროფესიული მიმართულებით
მიდგომა რა თქმა უნდა ინდივიდუალურია, თუმცა რიგითებისთვის სასურველია მომზადება დისციპლინის კუთხით, რათა იცოდნენ მათი კონკრეტული ვალდებულებები და მოვალეობები, ასევე რას ავალდებულებს შრომის შესახებ საზღვაო კონვენცია. აუცილებელია იერარქიის ცოდნა და დისციპლინის დაცვა.
რა პრობლემებს აწყდებით მეზღვაურთა დასაქმების დროს? ინგლისური ენა / მეზღვაურთა კომპეტენცია / არასრულფასოვანი საზღვაო განათლება / არასრულფასოვანი საზღვაო წვრთნები – დამწყები მეზღვაურების მიღებისას ვაწყდებით პროფესიისადმი ინტერესის დაბალ დონეს, ასევე ინგლისური ენის დაბალ დონეს. სასწავლებლები აძლევს სტუდენტებს / მომავალ მეზღვაურებს იმის საშუალებას, რომ კარგად შეისწავლონ ინგლისური ენა, ამიტომ სწორედ ამ მხრივაა აუცილებელი ცოდნის ამაღლება და კონტროლი.
რა ღონისძიებებია ჩასატარებელი იმისათვის რომ ქართველი მეზღვაური მეტად მოთხოვნადი გახდეს საერთაშორისო ბაზარზე? – საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ღებულობს იმ ძირითად როლს, რომ სათანადო და კომპეტენტურები იყვნენ ქართველი მეზღვაურები. სწორედ განათლების მაღალი დონის მონიტორინგია აუცილებელი, ასევე მეზღვაურთა შრომის უფლებების დაცვის კუთხითაა სამუშაო, რაც დადებითად იმოქმედებს ქართველი მეზღვაურების ცნობადობის ამაღლებაზე.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები – Ocean Gold Batumi მიბმულია ბერძნულ კომპანიასთან, რის გამოც იზიარებს მათ მომავალ სტრატეგიულ მიმართულებებს, კომპანია გეგმავს ფლოტის გაზრდას, რაც პირდაპირპროპორციულად გაზრდის მეზღვაურთა დასაქმებას, ასევე იგეგმება სხვდასხვა სახის ტრენინგები, რათა დაეხმაროს მეზღვაურებს თავიანთი ცოდნის გაღრმავებასა და შემდგომ პრაქტიკულად გამოყენებაში.
ასევე იხილეთ: საზღვაო ინგლისური ენის სახელმძღვანელოები