- ლიზი, მოგვიყევით თქვენს შესახებ.
მოგესალმებით, მე გახლავართ ლიზი ქავთარაძე, ნავიგაციის მესამე კურსის სტუდენტი.
- რა იყო თქვენი მთავარი მოტივაცია საზღვაო სფეროში კარიერის დასაწყებად?
ბავშვობიდანვე მქონდა განსაკუთრებული ინტერესი ზღვისა და საზღვაო სამყაროს მიმართ, რამაც საბოლოოდ განსაზღვრა ჩემი პროფესიული გზა,ბათუმში სტუმრობისას დიდ დროს ვატარებდი ზღვისა და გემების ყურებაში. ზღვა ყოველთვის განსაკუთრებულად მიზიდავდა თავისი უსასრულო ჰორიზონტითა და საიდუმლოებით. დაახლოებით 11 წლის ასაკში უკვე გადავწყვიტე, რომ მომავალში მეზღვაური გავმხდარიყავი.
ამ სურვილის გაძლიერებაში დიდი როლი ითამაშეს გოგონებმა, რომლებიც იმ პერიოდში სწავლობდნენ საზღვაო აკადემიაში. მათ მაგალითმა დამანახა, რომ ქალებისთვისაც სრულიად შესაძლებელია ამ სფეროში წარმატების მიღწევა, რაც ჩემთვის დამატებითი მოტივაცია გახდა,დღეს კი ვსწავლობ იმ მიმართულებით, რომელიც ყველაზე მეტად მიზიდავს და ყოველდღიურად ვცდილობ უფრო მეტად გავიღრმავო ცოდნა და გამოცდილება ამ სფეროში.
- რამდენად რთულია ამ სფეროში სწავლა და რა არის ყველაზე საინტერესო ნაწილი?
მას შემდეგ, რაც საბოლოოდ გადავწყვიტე ამ პროფესიის არჩევა, აქტიურად დავიწყე ინფორმაციის მოძიება მეზღვაურების ცხოვრების წესსა და პროფესიულ სირთულეებზე. თავიდანვე ვიცოდი, რომ ეს გზა მარტივი არ იქნებოდა და გარკვეული გამოწვევები აუცილებლად იქნებოდა, თუმცა ძლიერი მოტივაციის წყალობით ყოველთვის ვცდილობდი მათ გადალახვას.
რაც შეეხება სწავლას — ეს პროცესი ძალიან საინტერესო და მრავალმხრივია. ჩვენ ვსწავლობთ მრავალ განსხვავებულ საგანს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება ჩვენს მომავალ პროფესიას. ასევე ვმონაწილეობ სხვადასხვა პროგრამებსა და ღონისძიებებში, რომლებიც გამოცდილებასა და პროფესიულ მოტივაციას კიდევ უფრო მაძლიერებს.
ყველაზე საინტერესო ნაწილი კი ჩემთვის საზღვაო პრაქტიკა და სიმულაციური სწავლებაა, რადგან სწორედ ამ პროცესში ვუახლოვდები რეალურ პროფესიულ გარემოს და ვიღებ იმ გამოცდილებას, რომელიც მომავალში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
- როგორ მოხვდით გაცვლით პროგრამაში?
GOBT – Global On Board Training Program გახლდათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი გაცვლითი პროგრამა, რომელშიც მონაწილეობა მივიღე. აღნიშნული პროგრამა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის საერთაშორისო პროგრამებს შორის ერთ-ერთია და სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება, გაიცნონ სხვა ქვეყნების საზღვაო განათლების სისტემა და განივითარონ პროფესიული უნარები.
- რა გამოცდილება მიიღეთ კორეაში სწავლით, რაც მომავალში აუცილებლად გამოგადგებათ?
კორეაში სწავლა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი გამოცდილება იყო. ამ პროგრამის ფარგლებში შევიძინე როგორც პროფესიული ცოდნა, ასევე გავეცანი სრულიად განსხვავებულ კულტურას, სასწავლო გარემოსა და თანამედროვე საზღვაო ტექნოლოგიებს.
გარდა აკადემიური ცოდნისა, გავიუმჯობესე გუნდური მუშაობის უნარები, კომუნიკაცია საერთაშორისო გარემოში .ვფიქრობ, ეს გამოცდილება მომავალში აუცილებლად დამეხმარება პროფესიულ განვითარებაში და საერთაშორისო საზღვაო სივრცეში მუშაობაში.
- იყო თუ არა რაიმე გამოწვევები უცხო ქვეყანაში სწავლის დროს?

რა თქმა უნდა, უცხო ქვეყანაში სწავლა გარკვეულ გამოწვევებთანაც არის დაკავშირებული. პირველ რიგში ეს არის ახალი გარემო და განსხვავებული კულტურა.თუმცა სწორედ ასეთი გამოცდილებები გვასწავლის ადაპტაციას, დამოუკიდებლობასა და პრობლემების გადაჭრას.
- როგორია ქალის როლი დღეს საზღვაო სფეროში?
დღეს ქალის როლი საზღვაო სფეროში სულ უფრო მნიშვნელოვანი და თვალსაჩინო ხდება. მიუხედავად იმისა, რომ წარსულში ეს პროფესია ძირითადად მამაკაცებთან ასოცირდებოდა, თანამედროვე რეალობაში სულ უფრო მეტი გოგონა ირჩევს საზღვაო კარიერას და წარმატებითაც ახორციელებს მას.
ქალები აქტიურად მონაწილეობენ საზღვაო ინდუსტრიაში როგორც გემებზე, ასევე ადმინისტრაციულ და მართვით პოზიციებზე. ვფიქრობ, მთავარი არის პროფესიონალიზმი, შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა — ეს თვისებები კი გენდერზე დამოკიდებული ნამდვილად არ არის.
- რას ურჩევდით სტუდენტებს (განსაკუთრებით გოგონებს), რომლებიც ფიქრობენ საზღვაო განათლებაზე?
ვურჩევდი, რომ არ შეეშინდეთ საკუთარი ოცნებებისა და მიზნების. თუ ადამიანს ნამდვილად უყვარს ზღვა და ამ სფეროში ხედავს საკუთარ მომავალს, აუცილებლად უნდა სცადოს.
საზღვაო პროფესია მოითხოვს შრომას, პასუხისმგებლობასა და ძლიერ ხასიათს, თუმცა ამავდროულად ძალიან საინტერესო, მრავალფეროვანი და პერსპექტიული სფეროა. მნიშვნელოვანია საკუთარ შესაძლებლობებში რწმენა და მუდმივი განვითარება — სწორედ ეს არის წარმატების მთავარი გასაღები.








