ბიძინა ორაგველიძე – საქართველოში საზღვაო-საგანმანათლებლო დარგის ღვაწლმოსილი პედაგოგი და თვალსაჩინო ქართველი ზღვაოსანი გახლავთ, რომელმაც დაარსა საქართველოში პირველი უმაღლესი საზღვაო სასწავლებელი www.bsma.edu.ge. ბატონი ბიძინას როლი საქართველოს საზღვაო-საგანმანთლებლო დარგში უზადო და უმნიშვნელოვანესია. დეტალურად პროფესიულ გამოცდილებისა და საზღაო სფეროში მოღვაწეობის შესახებ, შორეული ნაოსნობის მეზღვაურს, ბათუმის საზღვაო სასწავლებლის ყოფილ დირექტორს, ბათუმის საზღვაო აკადემიის პირველ რექტორს, საქართველოში საზღვაო განათლების ისტორიის მკვლევარი ბატონი ბიძინა ორაგველიძე გვესაუბრა.
გთხოვთ წარგვიდგინოთ თქვენ თავი – დავიბადე 1934 წლის 22 ივნისს, 1955 წელს დავასრულე ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელი, ხოლო 1960 წელს ლენინგრადის ადმირალ მაკაროვის სახელობის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელი (ЛВИМУ) ჰიდროგრაფის სპეციალობით. 1961-1964 წლებში ვეწეოდი პედაგოგიურ მოღვაწეობას ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელში; 1964-1979 წლებში ვიყავი შავი ზღვის, ნოვოროსიისკისა და საქართველოს საზღვაო სანაოსნოების არაერთი გემის კაპიტნის პირველი თანაშემწე; ნაპირზე დაბრუნებების შემდეგ ვეწეოდი ადმინისტრაციულ სამსახურს, 1979-1981 წლებში ვასრულებდი საქართველოს საზღვაო სანაოსნოს კადრების განყოფილების უფროსის საპასუხისმგებლო მოვალეობას; 1982-1995 წლებში ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელის უფროსად დავინიშნე, რომელიც სწორედ ამ დროს, 1992 წელს გადაკეთდა პირველ ქართულ უმაღლეს საზღვაოსნო სასწავლებლად. გახლავართ ქართველ ზღვაოსანთა არაერთი თაობის მრავალი საამაყო წარმომადგენელის პედაგოგი.
გთხოვთ გვიამბოთ, თუ რატომ გადაწყვიტეთ საზღვაო სასწავლებლის გადაქცევა უმაღლეს სასწავლებლად? – ახალი ფურცელი გადაიშალა სასწავლებლის ცხოვრებაში, როცა 1966-67 წლებში ბათუმში შეიქმნა „საქართველოს საზღვაო სანაოსნო“. ამ სასიხარულო ცნობამ მაშინდელი საბჭოთა კავშირის ყველა კუთხიდან ჩამოიყვანა ცნობილი ქართველი მეზღვაურები: კაპიტნები, უფროსი მექანიკოსები, ელექტრომექანიკოსები, რადიოსპეციალისტები, რომლებიც სათავეში ჩაუდგნენ სანაოსნოს. ახლადშექმნილ სანაოსნოს დასაწყისში გადმოეცა 13 გემი.
არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ საქართველოში დიდი ხანია მწიფდებდებოდა აზრი, რომ გახსნილიყო უმაღლესი საზღვაო სასწავლებელი და შექმნილიყო საქართველოს საზღვაო სანაოსნო. ამას ამბობდა და ამბობს საქართველო, რომელსაც შავი ზღვის ექვს სახელმწიფოს შორის ერთ-ერთი დიდი აკვატორია უჭირავს.
საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ჩამოყალიბებაში ტიტანური შრომა გასწია ბატონებმა: ბორის ლომთაძემ – ბათუმის პორტის უფროსმა, პლატონ ჯორბენაძემ – ბათუმის გემთმშენებელი ქარხნის დირექტორმა, მათ გვერდში ედგნენ ბატონები: ხალილ ფშანავა, რასიმ ბერიძე, ვახტანგ ჩხაიძე და სხვა.
საქართველოს საზღვაო სანაოსნო თავისი არსებობის დღიდან დახმარებას უწევს სასწავლებელს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ჩამოყალიბებაში. განსაკუთრებული ხასიათი მიიღო დახმარებამ, როცა სანაოსნოს სათავეში ჩაუდგა ბათუმის პორტის დამსახურებული მუშაკი, ინჟინერ-მექანიკოსი ჯემალ ჭიღვარია. მის სახელთანაა დაკავშირებული ნოვოროსიისკის უმაღლესი საინჟინრო სასწავლებლის ბათუმის საინჟინრო-საკონსულტაციო პუნქტის გახსნა.
1990 წლის პირველ ივლისს დაიდო ხუთწლიანი ხელშეკრულება (N642/139) ოდესის პოლიტექნიკურ ინსტიტუტსა და საქართველოს საზღვაო სანაოსნოს შორის ბათუმის საკონსულტაციო პუნქტისთვის ლაბორატორიული ბაზის შესაქმნელად.
ძალიან მოკლე აზრთა გაცვლის შემდეგ აჭარის მთავრობამ დაგვისახა მიზანი, რათა მომზადებულიყო ყველა საჭირო დოკუმენტი იმისათვის, რომ 1992-93 სასწავლო წელს საქართველოს პირველ უმაღლეს საზღვაო სასწავლებელში მომხდარიყო სტუდენტების ჩარიცხვა.
1992 წლის 30 ივლისს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის N772 დადგენილებით შეიქმნა „ბათუმის უმაღლესი საზღვაოსნო სასწავლებელი“.
1992 წლის 19 აგვისტოს გაზეთ აჭარაში დაიბეჭდა განცხადება სათაურით „ გიწვევთ ბათუმის უმაღლესი საზღვაოსნო სასწავლებელი“, ხოლო 26 აგვისტოს ასეთივე განცხადება გამოქვეყნდა გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“. 20 აგვისტოს აჭარის ტელევიზიამ აცნობა მოსახლეობას ბათუმის უმაღლესი საზღვაოსნო სასაწავლებლის დაარსების შესახებ.
1992 წლის 15 სექტემბრიდან 30 სექტემბრამდე ჩატარდა მისაღები გამოცდები. სულ შემოვიდა 300-მდე განცხადება. ოთხივე გამოცდა ჩააბარა 66 აბიტურიენტმა. პირველ ოქტომბერს ჩატარდა სამანდატო კომისია, რომელმაც ყველა 66 აბიტურიენტი ჩარიცხა შემდეგ ფაკულტეტებზე: გენთწამყვანი – 26, ელექტრომექანიკური – 21 და გემნთმექანიკური – 19 სტუდენტი. კომისიის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საზღვაო სანაოსნოს უფროსის მოადგილემ სულიკო ნაკაშიძემ.
აღსანიშნავია, რომ პირველი ლექცია „საქართველოს ისტორია და ზღვაოსნობა საქართველოში“ ახლადშექმნილ სასწავლებელში წაიკითხა საქართვერლოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა, მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ბატონმა დავით ხახუტაიშვილმა. 1992 წლის 25 დეკემბრის N24/ბ.შ. ბრძანების თანახმად შეიქმნა პირველი სამეცნიერო საბჭო.
გთხოვთ გვიამბოთ რამდენად არიან თქვენი ოჯახის წევრები დაკავებულნი / ჩართულნი საზღაო სფეროთი? – ძალიან მოხარული ვარ იმ ფაქტით, რომ ჩემი დიდი ოჯახის 6 წარმომადგენელი საზღვაო სფეროშია ჩართული. ჩემი ვაჟიშვილი გახლავთ შორეული ნაოსნობის კაპიტანი, ხოლო ქალიშვილი საზღვაო განათლებითაა დასაქმებული და ეწევა მნიშვნელოვან საზღვაო საქმიანობას. მყავს 6 შვილიშვილი, რომლეთაგან 4 ვაჟია და ოთხივე გახლავთ მეზღვაური.
გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი გემზე მუშაობის გამოცდილება – გემზე ვიმუშავე 20 წელი.
გთხოვთ გვიამბოთ თუ რა მოგწონთ დღევანდელ საზღვაო სფეროში და რას გააუმჯობესებდით? – ჩემი მოღვაწეობიდან გამომდინარე საზღვაო სფეროში არაერთხელ დამიფიქსირებია აზრი, რომ აუციელებელია მომავალმა მეზღვაურებმა გემზე პრაქტიკა პირველი კურსის დასრულებისთანავე გაიარონ, რათა ჩამოყალიბდნენ და გაიგონ, ნამდვილად სურთ თუ არა გაყვნენ საზღვაო სფეროს და გაიგონ რამდენად შესაფერისია მათთვის ეს პროფესია.
რა რჩევებს მისცემდით დამწყებ, მომავალ, მოქმედ და გამოცდილ მეზღვაურებს? – დამწყებ და პირველწამსვლელ ახალგაზრდებს მინდა ვუთხრა, რომ გემზე ძალიან ძლიერი და მკაცრი დისციპლინაა საჭირო, ყოველი დაშვებული შეცდომა შეიძლება სავალალო შედეგით დასრულდეს, ამიტომ პირველ რიგში აუცილებელია საკუთარი თავის დისციპლინირება და სათანადოდ მომზადება. ასევე აუცილებელია ყველა მოვალეობისა და პასუხისმგებლობის ზედმიწევნით ცოდნა.
ხოლო რაც შეეხება გამოცდილ მეზღვაურებს, მინდა ვურჩიო, რომ როცა ახალგზარდა მეზღვაურები დასაქმდებიან მათთან გემზე, ბევრი ასწავლონ, იყვნენ სამაგალითონი და აჩვენონ თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი მეზღვაური, რა უნარ-ჩვევებით უნდა გამოირჩეოდნენ, როგორ განავითარონ და წარმოაჩინონ საკუთარი თავი.
ასევე იხილეთ: საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ალექსი ახვლედიანი უხელმძღვანელებს